ქართული ოცნების დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის დუმის დელეგაციის ჩასვლასთან დაკავშირებით ამბობს, რომ "ერთმნიშვნელოვნად დასაგმობი ქმედებაა". მისივე თქმით, "ეს არც პირველი შემთხვევაა და არც ბოლო".
ჟურნალისტის კითხვაზე, რა რეაგირება მოჰყვება ამას საქართველოს ხელისუფლებისგან სარჯველაძე ამბობს, რომ "რეზულტატის მიღწევა ხელისუფლების რეაგირებაზე არაა დამოკიდებული და რუსეთის ფედერაციას განცხადებები არ აშინებს".
"მე არ მგონია, რომ რაღაც ახალ მოვლენასთან გვაქვს საქმე, როდესაც ასეთი, ერთმნიშვნელოვნად დასაგმობი ქმედებები ხდება, როგორიცაა მაგალითად რუსეთის ფედერაციასა და მის მიერ აღიარებულ რომელიმე არარსებულ რესპუბლიკას შორის დგება თანამშრომლობა. ეს არ არის სამწუხაროდ და საუბედუროდ პირველი შემთხვევა და როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში, არ იქნება ბოლო შემთხვევა. სამწუხაროდ, საქართველო არის ოკუპირებული დღეს, ეს საუბედურო რეალობაა. არ მაქვს კონკრეტული ერთი გადაწყვეტა ამ პრობლემის, რომლითაც გადაწყდება ოკუპაცია. საუბედუროდ არ მაქვს. ამას სჭირდება გეგმაზომიერი, ინტენსიური მუშაობა საიმისოდ, რომ რაც შეიძლება დიდი იყოს ძალისხმევა და ნეგატიური ფაქტორები, რომელიც გარკვეულ როლს დროთა განმავლობაში იმუშავებს და რუსეთის ფედერაციას ააღებინებს ხელს საქართველოს ოკუპაციაზე. მჯერა, რომ ეს რეალურად მოხდება.
რეაგირების სხვადასხვა ფორმები არსებობს, შეიძლება ამაზე გაკეთდეს განცხადება, რაღაც რეაგირების ფორმა მოჰყვეს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ რეაგირებაზე არის რაიმე რეზულტატის მიღწევა ამ მიმართულებით დამოკიდებული. ხვდებით, რომ რუსეთის ფედერაციას არ აშინებს საუბედუროდ განცხადებები ან რაღაც გარკვეული დემარშები, რომელსაც შესაძლოა საქართველოს ხელისუფლება აკეთებდეს ამ მიმართულებით", - თქვა სარჯველაძემ.
1-ელ დეკემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სახელმწიფო დუმის დელეგაცია ჩავიდა. დელეგაციას რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი ხელმძღვანელობს.
სოხუმის აეროპორტში დელეგაციას ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის ე.წ თავმჯდომარე, მისი მოადგილეები და საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ელჩი დახვდნენ.
რუსეთის დუმის სპიკერმა და დე ფაქტო პარლამენტის ე.წ თავმჯდომარემ სახელმწიფო დუმასა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტს შორის ურთიერთქმედების შესახებ "შეთანხმებას" მოაწერეს ხელი.